სასტუმრო „რადისონ ბლუში" შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელსაც აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორი თამარ წივწივაძე, ექსპერტი შვეიცარიიდან როლფ გროსსენბახერი და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის თავმჯდომარე იაგო კაჭკაჭიშვილი ესწრებიან.
აჭარის მთავრობამ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანადაფინანსებით სოციალურად დაუცველი და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის კვლევა ჩაატარეს. აღნიშნული კვლევის საფუძველზე განისაზღვრება ბინათმშენებლობის ფონდის შექმნის და ფუნქციონირების პრინციპები.
კვლევა ჩატარდა თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით. თვისობრივი კვლევა, ჯგუფური დისკუსიების გზით, არკვევდა კვლევის მიზანთან შესაბამის ინდიკატორებს, რომელთა საფუძველზე შედგა რაოდენობრივი კვლევის კითხვარი. რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 1571 ოჯახი. სამიზნე ჯგუფები შერჩევაში გადანაწილდა ისე, რომ მიღებული შედეგები რეპრეზენტატული ყოფილიყო თითოეული ჯგუფისათვის.