საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. კანონდარღვევის ყველა ფაქტზე სამართალდამცველები რეაგირებას ოპერატიულად მოახდენენ", - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს 12 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მეორე ტური იმართება. ამომრჩევლებს, უკვე მეორედ, მერებისა და გამგებლების არჩევა 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში მოუწევთ. დედაქალაქთან ერთად, მერების ასარჩევად მეორე ტური რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში გაიმართება. თბილისში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები მერობისთვის იბრძოლებენ ასევე რუსთავში, ბათუმსა და თელავში.
რაც შეეხება დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებს - ქალაქ გორში მეორე ტურში "ქართული ოცნებისა" და "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" მერობის კანდიდატები იყრიან კენჭს. ოზურგეთსა და ფოთში კი ერთმანეთს "ქართული ოცნების" და "დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ამომრჩევლები, მერებთან ერთად, გამგებლებს 13 მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში აირჩევენ. ც
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში უკვე ჩამოვიდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი.