კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 4 ივლისს მედიაპორტალ news.ge-ზე გამოქვეყნდა მოძრაობა ‘დაბრუნების' განცხადება.
„მითითებული განცხადებით შევიტყვეთ, რომ, თურმე, მოძრაობა მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა და მოახდინოს სამართლებრივი შეფასება. მეტიც, მოძრაობა ‘დაბრუნება' მთავარი პროკურატურისგან მოითხოვს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით მოახდინოს ორგანიზაციის საქმიანობის დაკვალიფიცირება.
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მოუწოდებს მოძრაობა ‘დაბრუნებას' და მის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ საჯაროდ წარმოადგინოს ყველა შესაბამისი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენს ორგანიზაციას ადანაშაულებს ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.
ასეთის გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში, ორგანიზაცია მოითხოვს მოძრაობა ‘დაბრუნებისგან' იმავე მედია საშუალებებით ბათილად გამოაცხადოს საკუთარი განცხადება და ბოდიში მოიხადოს ცილისწამებისა და დისკრედიტაციისათვის.
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი წელს აღნიშნავს თავის საქმიანობის 20 წლისთავს. ამ ხნის მანძილზე განხორციელებული სამშვიდობო და უფლებადაცვითი საქმიანობის შედეგად განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ღირსების შემლახავი, საქმიანობის შემაბრკოლებელი, შეურაცხმყოფელ განცხადებებზე რეაგირებას კანონით დადგენილი ყველა შესაძლო საშუალებით.
ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე, რგორც ყოველთვის, დამატებით კი ავღნიშნავთ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა განისაზღვრება გამგეობის თავმჯდომარით (ნინო ციხისთავი-ხუციშვილი) და აღმასრულებელი დირექტორით (მაია კაციტაძე).
ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს მის მზაობას, ისე როგორც გასული 20 წლის მანძილზე, დღესაც, და მომავალშიც, ყოველთვის გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველოში აზრის, გამოხატვის თავისუფლების გამო არავინ გაბედოს რადიკალური ქმედება და მისი წახალისება.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბატონი მამუკა არეშიძე, ისევე, როგორც მრავალი სხვა ექსპერტი, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, გახლავთ სანდო, მაღალკვალიფიციური და ამიტომაც ანგარიშგასაწევი ექპერტი, რომელთან თანამშრომლობითაც ამაყობს ჩვენი ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას ორგანიზაციის ადმინისტრაციაში არანაირი თანამდებობა არ უკავია"- ნათქვამია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ციხისთავი-ხუციშვილის განცხადებაში.