განსაკუთრებული საჭიროების მქონე 23 წლის, რამინ მაჭარაშვილმა დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სავარძელი მოირგო.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტმა სამუშაო დღეს მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად გაატარა. რამინ მაჭარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ღონისძიებაში, რაც გათვალისწინებული იყო მინისტრის დღის წესრიგით.
სამუშაო დღე თათბირით დაიწყო, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს დეპარტამენტების უფროსები. შეხვედრაზე ნუგზარ სურმანიძემ რამინ მაჭარაშვილს სამინისტროს საქმიანობა, სამომავლო გეგმები და პროექტები გააცნო. „მინისტრებმა" მოქალაქეების განცხადებებიც განხილეს და რამდენიმე მათგანს პირადად შეხვდნენ.
ამის შემდეგ რამინ მაჭარაშვილი და ნუგზარ სურმანიძე ბათუმის საწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ეწვივნენ და ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ცენტრის მზადყოფნას გაეცნენ. შეხვედრაზე განიხილეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების სანაპირო ზოლში მორიგეობის საკითხი და სასწრაფო სამედიცინო ცენტრისათვის ახალი შენობის გადაცემის საკითხი.
მოგვიანებით „მინისტრებმა" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორთან ერთად ბათუმის ზღვისპირა პარკში ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც ზღვის სეზონზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა განთავსდება.
დღის ბოლოს მინისტრმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირმა, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულეს. ცენტრში სხვა შშმ პირებთან ერთად რეაბილიტაციის 25 დღიან კურსს მაღალმთიანი აჭარის 10-მდე შშმ ბავშვი გადის. „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის" პროგრამას სამინისტრო წელს პირელად ახორციელებს. პროგრმის ფარგლებში 25 დღიან რეაბილიტაციის კურსს მაღალმთიანი აჭარის 50-მდე შშმ ბავშვი წლის ბოლომდე 2-ჯერ გაივლის.
პროექტი, რომლიც შშმ პირების სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთი სამუშაო დღის გატარებას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მოქალაქის" ინიციატივით ხორციელდება.