ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში რამდენიმე სახლს სახურავი მოხადა. სტიქიის შედეგად, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ანანურისა და გრემისხევის რამდენიმე სოფელს, ასევე სოფელ ბულაჩაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეექმნა ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობასაც. ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის დათვლას რაიონში დღეს დაიწყებენ.
უხვმა ნალექმა დააზიანა გორის რაიონიც. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბერბუკის საკრებულოს 5-მდე სოფელი დააზარალა. სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. სტიქიამ სამეურნეო სავარგულები და ხეხილის ბაღები, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.
ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან გამოიყვანა, თუმცა ,,ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლებმა ელექტროენერგიის აღდგენა მალევე შეძლეს.
ბერბუკის რწმუნებულის განცხადებით, ზარალი დიდია, თუმცა მის ზუსტ რაოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.