82 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა ხიჭაურში ახალი ამბულატორია გაიხსნა. პირველადი ჯანდაცვის ცენტრის გახსნას აჭარი ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზოიძე დაესწრნენ.
ახალგახსნილი ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას დღეიდან გაუწევს. იგი აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის საჭირო ყველა სამედიცინო ინვენტარით. ამბულატორია 4 სოფლის 1500-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება. საერთო ჯამში რეგიონში 5 ამბულატორია აშენდება.
პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება ხიჭაურში განთავსდა, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე. გამგეობამ, ასევე უზრუნვლეყო ამბულატორიის დასამონტაჟებლად ფუნდამენტი, გამრიცხელიანება და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 8657 ათასი ლარი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 ამბულატორიაა აშენებული. ამბულატორიების დამონტაჟება გრძელდება და მშენებლობის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან. აღსანიშნავია, რომ შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
პროექტს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.