საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ დღე მახინჯაურში მდებარე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულეს, რომლის სრული რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები რეაბილიტაციისათვის საჭირო სრულ მომსახურებას ღებულობენ. აქ შშმ პირებისათვის შექმნილია ადაპტირებული გარემო.
სარეაბილიტაციო ცენტრში 6-დან 25 წლამდე 45 შშმ პირს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და ბათუმის მერიის სპეციალური პროგრამების ფარგლებში უტარდებათ რეაბილიტაციის სრული კურსი. მოზარდები ადგილზე ღებულობენ ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ლოგოპედის და ორთოპედის დახმარებას.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავებულია პროგრამა, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრში მაღალმთიანი აჭარიდან შშმ ბავშვების წელიწადში 2 ჯერ 25 დღიან კურსის გავლას ითვალისწინებს, აღნიშნული პროგრამა 2014 წლის ზაფხულში ამოქმედეება.
სარეაბილიტაციო ცენტრში ასევე ფუნქციონირებს მარტოხელა დედების თავშესაფარი. თავშესაფარში ამჟამად 6 მარტოხელა დედა 8 შვილთან ერთად ცხოვრობს, ისინი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილ არიან საცხოვრებლით, კვებითა და ტანსაცმლით.
შენობის სრული რეკონსტრუქცია განახორციელა „თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ". რეაბილიტაციის ფარგლებში სამუშაოები შენობის ოთხივე სართულზე ჩატარდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ელექტრო გაყვანილობა, წყლის, კანალიზაციის და გათბობის სისტემა, კეთილმოწყო ეზო.