უკრაინა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მესამე ადგილზეა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტატისტიკის დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 348,8 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის 59,0 პროცენტია. უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის წილი 1,0 პროცენტული პუნქტით - 9,8 პროცენტიდან 8,8 პროცენტამდე - შემცირდა. ექსპორტი შემცირებულია 43,2 მლნ. აშშ დოლარით, რაც გამოიწვია ძირითადად ფეროშენადნობების (15,0 მლნ. აშშ დოლარით) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (6,1 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის შემცირებამ.
ყველაზე მეტად გაზრდილია სპირტიანი სასმელების ექსპორტი (1,4 მლნ. აშშ დოლარით) და 20,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. იმპორტი უკრაინიდან 199,3 მლნ. აშშ დოლარითაა შემცირებული და 297,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტად შემცირებულია რკინისა და ფოლადის წნელების (63,3 მლნ. აშშ დოლარით), ხორბლის ფქვილის (18,0 მლნ. აშშ დოლარით) და ქვანახშირის კოქსის
(16,0 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი. გაზრდილია მზესუმზირის თესლის (25,5 მლნ. აშშ დოლარით), ალაოს (3,1 მლნ. აშშ დოლარით) და ელექტრული ტრანსფორმატორების (2,4 მლნ. აშშ დოლარით) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.