საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ყაზბეგში მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დამატებითი ჯგუფები გაგზავნა.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის პროექტის III ფაზის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთ უბანზე მიმდინარეობს და 1 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. თუმცა, ყაზბეგის რაიონში არსებული დიდთოვლობის გამო, სამუშაოების დროულად დასრულების საშიშროება შეიქმნა.
"იმისათვის, რომ დიდთოვლობამ ხელი არ შეუშალოს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ყაზბეგში სპეციალური აღჭურვილობით დამატებითი ჯგუფების გაგზავნის თაობაზე", - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავამ.
მისი თქმით, ყაზბეგში ორი დამხმარე ჯგუფი გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით.
ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაცია, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, "საქართველოს ათასწლეულის ფონდის" თანადაფინანსებით ხორციელდება. ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 44,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და 1980 წლიდან მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221კმ). გაზსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის პროექტის III ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვის წინ დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.