15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებებისთვის, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად განკარგვის საფრთხეზე საუბრობენ. საქმე ეხება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ 200 ათას ლარს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშროლობის გზით წარდგენილი და მოწონებული პროექტების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის საკრებულომ 2014 წლის 11 აპრილს მიიღო სპეციალური განკარგულება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთვის" გახდა ცნობილი, ამ დროისთვის, გაურკვეველია წარდგენილ პროექტთაგან რომელი გახდება მოწონებული, რომელიც შესაბამისად საკრებულოს მითითებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა დააფინანსოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალების დასაზუსტებლად "ჯი-ეიჩ-ენი" ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას დაუკავშირდა, რომელმაც სატალეფონო კავშირის დაბალი ხარისხი მოიმიზეზა და საუბარი არაერთხელ გაწყვიტა. გაღიზიანებული ტონის მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად დაუკავშირდება, თუმცა ამ დრომდე არანაირ გამოხმაურებას ადგილი არ ქონია.
მისი თქმით, თუკი ამ თემაზე ინფორმაციის გაშვება გადაწყვეტილია, უმჯობესია, საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად კომენტარი იურიდიულმა სამსახურმა გააკეთოს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლი ედიშერ თოლორაია, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება და თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს გამგებლის თანამდებობაზე იყრის, საკრებულოს ინიციატივას სასარგებლოს, მაგრამ ეჭვის შემცველს უწოდებს.
„ის რომ საკრებულოს აქვს სურვილი დააფინანსოს ცალკეული პროექტები ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა - როგორ, როდის და რამდენად სამართლიანად აპირებს ამის გაკეთებას? ჩემი ინფორმაციით, კომისიაში, რომელმაც პროექტები უნდა განიხილოს "ნაციონალური მოძრაობის" რვა წევრია - ანუ უმრავლესობა. ამავე დროს, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს ეჭვი, რაც მედიითაც გაჟღერდა, რომ საკრებულოს ნაციონალური ფრთა აპირებს საკუთარი, სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასებას, რეალურად კი საკუთარი საარჩევნო კამპანიის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" თოლორაიამ.
თოლორაია აცხადებს, რომ უპრიანი იქნება, თუკი დროებით შეჩერდება თანხების გაცემა, გარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი გარემოებებისა.
„დაუშვათ, რომ არასამთავრობო სექტორის და ჩვენი ეჭვები უსაფუძვლოა. მაშინ განაცხადოს საკრებულომ, რომ საარჩევნო პერიოდში არ მოხდება ცალკეული პროექტების დაფინასება. ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება და არ მგონია, რომ პერიოდი, არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, ცალკეული პროექტების წარმატება- წარუმატებლობის საკითხს წყვეტდეს", - აცხადებს თოლორაია.
საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების საფრთხეზე ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ც საუბრობს. კერძოდ, იმაზე, რომ საკრებულოში, სადაც უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეადგენენ, წინასწარ აქვთ შემუშავებული მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხა და სპეციალური სქემა.