"ქრისტიან-დემოკრატები" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოუწოდებენ მათთან პოლემიკაში შესვლის ნაცვლად დევნილების პრობლემები მოაგვარონ. ამის შესახებ განცხადება" ქრისტიან დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს სესიაზე გააკეთა.
მისი თქმით, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების პუნქტის ტერიტორია 8 თვეა წყლითაა დატბორილი, თუმცა ეს არც თბილისის მერიას და არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არ ადარდებს.
"კომენტარს არ გავაკეთებდი რომ სუბელიანის უწყების წარმომადგენელს არაადეკვატური პასუხი არ გაეცა ჩვენს გუშინდელ ქმედებაზე. სამინისტრომ გააკრიტიკა ის რომ ტრაქტორი წყალს ვერ ამოტუმბავდა და რა თქმა უნდა ეს ვიცით. ტრაქტორმა თავისი სამუშაო შეასრულა და გაჭრა არხი და ახლა თუკი ამოსატუმბია მივიდნენ და ამოტუმბონ" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქრისტიან დემოკრატებმა გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრაქტორი მიიყვანეს, რასაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ირონიული განცხადებით უპასუხა, რომ წყლის ამოტუმბვა ტრაქტორით არ არის შესაძლებელი.
ახვლედიანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეორე პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "აღარავის აღარ სჯერა იმის თითქოს აქ მცხოვრებ მოსახლეობას რაღაც ფართებს სთავაზობდნენ. თუ ამ ადამიანებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უარეს პირობებს სთავაზობდნენ. ჩვენი კრიტიკს ნაცვლად კი სჯობს ამ სამინისტრომ თავისი საქმე აკეთოს", - განაცხადა ახვლედიანმა.
"ქრისტიან-დემოკრატების" ამ განცხადებას კი დღეს სესიაზე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თვამჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ერთი ფაქტის გამო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მუშაობა წყალში არ უნდა იქნას ჩაყრილი".