აჭარის ექიმთა გაერთიანებულმა საზოგადოებამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ორგანიზაციამ საქმიანობა სამეცნიერო კონფერენციით დაიწყო, რომელიც ღვაწლმოსილი ქირურგის ვალერიან მაქაცარიას 120 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ვალერიან მაქაცარია 1894 წლის 17 მაისს დაიბადა, მის სახელს უკავშირდება აჭარაში ქირურგიული მიმართულების განვითარება და სისხლის სადგურის დაარსება. ვალერიან მაქაცარიას ჩატარებული აქვს 30 000-მდე სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაცია.
სახელოვანი ქირურგის ღვაწლის შესახებ კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს რამაზ სურმანიძემ, აკაკი ბერიძემ, ბეჟან დიასამიძემ და კახაბერ ქაშიბაძემ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომან ბოლქვაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ ფუტკარაძემ.
ორგანიზაციის დაფუძნებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარაში მოღვაწე ცნობილი ექიმები.
აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების საქმიანობის მიზნებია რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ექიმების გაერთიანება, სამედიცინო საქმიანობის ხელშეწყობა, სამედიცინო დაწესებულებების სტრატეგიული განვითარების გეგმების შედგენისა და დანერგვის ხელშეწყობა, ექიმთა და პაციენტთა საკონსულტაციო მომსახურება, ექიმთა უფლებების დაცვის, მათი პროფესიული დონის ამაღლებისა და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების პროგრამების შემუშავებისათვის რეკომენდაციების მომზადება და სხვა.
აჭარაში ექიმთა მსგავსი გაერთიანება პირველად 1869 წელს დაფუძნდა, რომელმაც მუშაობა 1994 წელს შეაჩერა.