დღეს, 23 მარტს, 12:00 საათზე, ქ. გორში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე "იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის" (SIIMS) ფარგლებში გაიმართება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცემათ სკრის, ბერბუკისა და ახალსოფლის დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისაგან შემდგარ მექანიზატორთა სერვისჯგუფებს.
ღონისძიებას დაესწრებიან შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები. აგრეთვე, შიდა ქართლის ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელი პირები.
"SIIMS პროექტი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრირებაზე არის ორიენტირებული და სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობებით ხელს უწყობს ადგილობრივ თემებში კონფლიქტების თავიდან აცილებასა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას", - ამბობს ვახტანგ ფირანიშვილი, SIIMS პროექტის დირექტორი.
პროექტს ნორვეგიის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA), დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" და "ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრი". პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 19 მილიონ ნორვეგიულ კრონს (2.9 მილიონი აშშ დოლარი).
პროექტი დაიწყო 2009 წლის ივლისში და 2012 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება