ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები მიმდინარეობს. პაციენტების სამედიცინო მომსახურებას შპს „ბათუმის N1 პოლიკლინიკის" ექიმები უწევენ.
გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე მოადგილესთან ლევან გორგილაძესთან ერთად გაეცნო.
სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია კარდიოლოგით, ექოსკოპისტით, ენდოკრინოლოგით, ლარინგოლოგით, ნევროპათოლოგით, ალერგოლოგით, რევმატოლოგითა და უროლოგით. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უტარდებათ კვლევები კარდიოგრაფის, ექოსკოპის და გლუკომეტრის საშუალებით.
უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
მსგავსი სამედიცინო აქციები გასულ წელსაც ჩატარდა, უფასო სამედიცინო მომსახურება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაეწია. სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები წელსაც გრძელდება, რომელიც მოსახლეობის იალაღებზე გასვლამდე დასრულდება.
17 მაისს, მორიგი აქცია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში ჩატარდება. აქ უფასო სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს შპს "თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის" და შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის" ექიმები ჩაატარებენ.