აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით რუსუდან შარაძემ განცხადება პროკურატურის შენობაში დღეს გააკეთა. მისი თქმით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, არაერთი განცხადება შეიტანა, რასაც პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოყოლია.
"მოწმეთა ჩვენებების გარდა, პროკურატურაში შესულია ჩემი უამრავი განცხადება, მაგრამ დღევანდელი რიცხვის ჩათვლით, მე არც ერთი სიტყვა პროკურატურის მხრიდან არ გამიგია. ახლა მოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო, არის თუ არა დაწყებული გამოძიება საქმეზე და თუ არ არის დაწყებული, რატომ არ არის," -განაცხადა შარაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, განცხადებების გარდა, არსებობს მოწმეთა ჩვენებებიც, მაგრამ ჯერჯერობით არც იმის დადგენა გახდა შესაძლებელი, არის თუ არა საკმარისი დოკუმენტაცია, რომ საქმის ხელახალი ძიება დაწყებულიყო.
"იქნებ, არ არის საკმარისი მოწმეთა ჩვენებები, რომ ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად. ამის შესახებაც არაფერი არ ვიცი", - თქვა მან.