არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს, -განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საერთოდ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ ჩაგრავდნენ, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა, ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.
"როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე. მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითი და უნებლიეთი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს," - ბრძანა პატრიარქმა.
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო.