ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით წამყვან ნაბიჯებს დგამს.
ასეთი პასუხი გასცა ნორლანდმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად გამოკითხულთა უფრო მეტი პროცენტი ევროინტეგრაციისა და ნატოსკენ სწრაფვას ემხრობა და ხომ არ განაპირობა ეს ფაქტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, მისთვის ზუსტად უცნობია, რამ გამოიწვია პროცენტის ზრდა, თუმცა, ელჩის თქმით, საქართველოს მოსახლეობის სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ საკმაოდ დიდი ხანი იყო გამოკვეთილი.
"არ ვიცი, ზუსტად რამ გამოიწვია, ან რას ეფუძნება ამ პროცენტის ზრდა, შემიძლია გითხრათ, ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისა და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა საკმაოდ დიდი ხანი იყო გამოკვეთილი საკმაოდ ძლიერი ტენდენციით. საქართველო წამყვან ნაბიჯებს დგამს. ივნისის თვეში დაგეგმილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მხრივ. სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეგრაციისთვის საქართველო ცდილობს, რომ დააკმაყოფილოს ყველა კრიტერიუმი და აჩვენებს სერიოზულ პროგრესს. ეს მაჩვენებელი მე არ მაკვირვებს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.