პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბიზნესმენ დავით კოდუაზე ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს, რადგან ქვეყანაში სასამართლო სისტემის მუშაობა ხელისუფლების პოლიტიკასთან არის კავშირში.
შეკითხვაზე, არის თუ არა მომხდარი ფაქტი იმის შედეგი, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების წინაშე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული დაპირება, წელიწადნახევარში ვერ შეასრულა, საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში განაცხადა, რომ ის თავის შეფასებაში არაორდინალურია.
მისი თქმით, ხელსიუფლების სამართლიანობა არის იმის პირობა, რომ ქვეყანაში მოქალაქეებმა თავად არ აწარმოონ სამართალი. "ამერიკაში "ლინჩის წესი" სინამდვილეში მას შემდეგ შეწყდა, რაც სასამართლო სისტემა ამოქმედდა. თუ ხელისუფლება ვერ იცავს სამართალს, მაშინ მოქალაქეები თავად იწყებენ მის დამყარებას," - თქვა საყვარელიძემ.
3 მაისს, ძებნაში მყოფი სოდის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოში სასტიკად ნაცემი მოათავსეს. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ყვება თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი და რატომ სცემა.
ნოშრევან ნამორაძე დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
დაკავებულის ადვოკატის, ლილი გელაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.