კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერი გიორგი ვოლსკი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, მათ შორის სამუშაო ადგილების კუთხით.
,, პრემიერ-მინისტრმა ღიად ილაპარაკა იმ ჩამორჩენაზე რაც ამ კუთხით სახელმწიფოს აქვს. ამ ჩამორჩენის უცებ წამოწევა, რასაკვირველია, შეუძლებელია, მაგრამ რეალურია პერსპექტივაში შესამჩნევი გახდეს სამუშაო ადგილების გაუმჯობესება. ბევრი რამ ახდენს გავლენას სამუშაო ადგილებზე, ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი პოლიტიკური სტაბილურობაა. პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია კი არის სამართლიანად ჩატარებული არჩევნები. ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, მათ შორის სამუშაო ადგილების კუთხით", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვოლსკიმ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა იგივე დარჩა, გამოკითხულთა 3%-ის აზრით გაიზარდა, ხოლო რესპონდენტთა 43% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები შემცირდა.
ამასთან გამოკითხულთა 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ხოლო 33% მიიჩნევს რომ დასაქმებულია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +-2, 1%.