დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების (BI) ტრენინგ კურსების მხარდაჭერასთან" დაკავშირებით. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქაროსანიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში ნატო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი დონის, ნატოს სტანდარტების ანტიკორუფციული ტრენინგ კურსების მომზადებასა და ორგანიზებაში შეუწყობს ხელს.
„მემორანდუმის მიზანია დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მომზადებაში, რათა მათ სამინისტრო უფრო ეფექტიანად, ნატოს სტანდარტების შესაბამისად მართონ. თავდაცვის სამინისტრო, აქცევს რა ყურადღებას ეფექტიანობის ამაღლებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ძალიან სერიოზულ ნაბიჯს დგამს იმისკენ, რომ გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობები და მართვის ისეთი სისტემა დაამკვიდროს, რომელიც ნატოსთან თავსებადია. საამაყოა, რომ თავდაცვის სამინისტრო ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზეა. ის მონდომებულია, რომ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ფინანსები სწორად დაიხარჯოს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს. ვულოცავ მინისტრ ალასანიას ამ წარმატებულ ლიდერობას, ხედვასა და ძალისხმევას და ვულოცავ მინისტრის მოადგილეს, თამარ ქაროსანიძეს, ვინც დიდ ძალისხმევას დებს თავდაცვის სამინისტროში ამ რეფორმის განხორციელებაში", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ უილიამ ლაჰიუ და თამარ ქაროსანიძე „კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების" საპილოტე კურსის მონაწილეებს შეხვდნენ და მათ მსგავსი კურსების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. საპილოტე კურსი 30 აპრილს დაიწყო. მას წინ უძღოდა ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ტრენერები, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც არიან.
კეთილსინდისიერების განმტკიცების (BI) პირველი ტრენინგ კურსი თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ასეთი ტრენინგები უტარდებათ ნატოს წევრ და მის პარტნიორ ქვეყნებს და ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროც აქტიურად ერთვება ამ ინიციატივაში ნატოს მხარდაჭერით. მომავალში ჩვენ შევძლებთ ამ კურსის დახვეწას, რაშიც ნატოს ექსპერტები დაგვეხმარებიან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექნება ძალიან მაღალი დონის, ნატოს სტანდარტების ანტიკორუფციული ტრენინგები თავისი თანამშრომლებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დადებითად იმოქმედებს ამ სისტემის უფრო ეფექტიანად მართვაზე და მის უფრო მეტ გამჭვირვალობაზე," - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები