1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულ მეომართა გადმოსვენების შესახებ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები პოზიტიური შედეგით დასრულდა.
აღნიშნული საკითხი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც დღეს დახურულ ფორმატში გაიმართა.
როგორც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში განაცხადა, აღნიშნული მოლაპარაკებები უწინაც ჩატარდა, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა.
მისი განმარტებით, წარუმატებლობის ერთერთი მიზეზი აფხაზური მხრიდან ნდობის ფაქტორის არ არსებობაც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც "წითელი ჯვარი" მოლაპარაკების პროცესში აქტიურად ჩაერთო , საქართველოს ხელისუფლებამ მოახრეხა და ამ ჰუმანიტარულ თემას "პოლიტიკური შეფერილობა" ჩამოაშორა, ამის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები პოზიტიურად განეწყვნენ.
"ყველაზე დიდი წილი აქ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მიუძღვის, თუმცა, წლების განმავლობაში მოლაპარაკებები უშედეგო იყო იმის გამო, რომ ჰუმანიტარული თემა გახლდათ პოლიტიკურად შეფუთული პრობლემა, რომლის ნიუანსებზე საუბარიც ახლა აღარ ღირს. საქართველოს ხელსიუფლებამ თავისი სწორი დამოკიდებულებით ეფექტურად იმუშავა", -თქვა გიორგი ვოლსკიმ.
დაღუპულთა სამედიცინო ექსპერტიზისა და მათი იდენტიფიკაციის პროცესში, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვევით, იმუშავებენ არგენტინელი ექსპერტები, ზაგრების ლაბორატორიის და თბილისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები.
აღნიშნულ პრეცესს მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში.