,,ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები", _ასე შეაფასა საიას თავმჯდომარემ კახა Kკოჟორიძემ პრემიერისა და ვიცე-პრემიერის გუშინ გაკეთებული განცხადებები. როგორც საკითხის კომენტირებისას კოჟორიძემ განაცხადა მსგავსი მიდგომა საკუთარი მოქალაქეების მიმართ კატასტროფის ტოლფასია.
"საუბარია იმაზე, რომ თურმე ჩვენ მიზანმიმართულად ვეწევით ძირგამომთხრელ საქმიანობას, ვხარჯავთ ფულს ამისთვის და ა.შ. მინდა, დავსვა კითხვა: ვინ შეიძლება აკეთებდეს ამას და რა ჰქვია ადამიანს, ვინც ასე მოქმედებს მიზანმიმართულად? ასეთ ადამიანს მე ვუწოდებდი მოღალატეს და მტერს და თუ პრემიერი მიიჩნევს, რომ ჩვენ მოღალატეები და მტრები ვართ, ეს კატასტროფას შეიძლება ნიშნავდეს. ადრე იყვნენ ჩარეცხილები, ახლა ვართ ძირგამომთხრელები. ასეთი მიდგომა საკუთარი მოქალაქეების მიმართ მართლაც კატასტროფის ტოლფასია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
,,მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს," - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს. გუშინვე ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემგანცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ უბრალოდ უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით - ვითომ მოსმენები მასობრივია და უკანონო. ,, მინდა გამოვეხმაურო მოსმენების შესახებ ბატონი პრემიერის განცხადებას. იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი წლები ჩურჩულით ლაპარაკობდა, სადაც არათუ ისმინებოდა, არამედ ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გროვდებოდა აბსოლუტურად ყველაზე და ამას არანორმალურად მასობრივი და მაშტაბური სახე ჰქონდა, უბრალოდ უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით - ვითომ მოსმენები მასობრივია და უკანონო. მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს - რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა "ეს შენ გეხება" სად იყო ანალოგიური აქტივობა?! ჩვენი გუნდი - ჩემი მეგობრები, ქართული ოცნება, მუდამ გამოვდიოდით არა მარტო ფიზიკური, არამედ მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობის წინააღმდეგაც. ჩვენმა ხელისუფლებამ, ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, გაანადგურა მთელი ის სამარცხვინო მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლების მიერ იქნა დაგროვილი მოსმენების და თვალთვალის საშუალებით და ამით საზოგადოებას ვანახეთ ჩვენი პოზიცია, ნება და დამოკიდებულება ამ არადემოკრატიული და ადამიანის თავისუფლების შეურაცხმყოფელი მოქმედებების მიმართ. ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში არსებობს კანონი მოსმენების შესახებ. ჩვენი ინიცირებული კანონი არის ისეთი სახის, რომელიც არ აყენებს ჩრდილს ადამიანის, ხელისუფლების და სახელმწიფოს ღირსებას. ეს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გამო ჩატარებულ კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ ზღვარს ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფო არასდროს გადავა!",-ნათქვამია განცხადებაში.