,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მიერ "ეს შენ გეხებას" კამპანიის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია რატომ არ ახსოვს კალაძეს მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის აქტივობები.
"რაც შეეხება ბატონი კალაძის განცხადებას, მე ვხვდები რატომ არ ახსოვს მას არასამთავრობო სექტორის აქტივობები მოსმენებთან დაკავშირებით. ეს აქტივობა პირველად ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც იყო კამპანია "ნუ გვისმენთ". ამ დროს ბატონ კალაძეს ნამდვილად არ აინტერესებდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და წარმატებულ ბიზნესს ახორციელებდა მათთან ერთად. შესაბამისად, მესმის, რომ მას არ ახსოვს როგორ მიმდინარეობდა სამოქალაქო სექტორში ასეთი აქტივობები ", - განაცხადა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძე გუშინ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ უბრალოდ უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით - ვითომ მოსმენები მასობრივია და უკანონო. ,, მინდა გამოვეხმაურო მოსმენების შესახებ ბატონი პრემიერის განცხადებას. იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი წლები ჩურჩულით ლაპარაკობდა, სადაც არათუ ისმინებოდა, არამედ ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გროვდებოდა აბსოლუტურად ყველაზე და ამას არანორმალურად მასობრივი და მაშტაბური სახე ჰქონდა, უბრალოდ უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით - ვითომ მოსმენები მასობრივია და უკანონო. მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს - რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა "ეს შენ გეხება" სად იყო ანალოგიური აქტივობა?! ჩვენი გუნდი - ჩემი მეგობრები, ქართული ოცნება, მუდამ გამოვდიოდით არა მარტო ფიზიკური, არამედ მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობის წინააღმდეგაც. ჩვენმა ხელისუფლებამ, ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, გაანადგურა მთელი ის სამარცხვინო მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლების მიერ იქნა დაგროვილი მოსმენების და თვალთვალის საშუალებით და ამით საზოგადოებას ვანახეთ ჩვენი პოზიცია, ნება და დამოკიდებულება ამ არადემოკრატიული და ადამიანის თავისუფლების შეურაცხმყოფელი მოქმედებების მიმართ. ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში არსებობს კანონი მოსმენების შესახებ. ჩვენი ინიცირებული კანონი არის ისეთი სახის, რომელიც არ აყენებს ჩრდილს ადამიანის, ხელისუფლების და სახელმწიფოს ღირსებას. ეს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გამო ჩატარებულ კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ ზღვარს ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფო არასდროს გადავა!",-ნათქვამია განცხადებაში.