საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია და განხილვები იყო საჭირო.
" ვაღიარებთ, რომ კომუნიკაცია არასწორად იყო დამყარებული საზოგადოების იმ ნაწილთან, რომლებმაც სერიოზული წუხილი გამოთქვეს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ დავასრულებთ ამაზე მსჯელობას. სწორედ ამის შემდეგ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ჩვენ არ ვივიწყებთ ჩვენს ტრადიციებს და ვართ ასევე თანამედროვე სახელმწიფო", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალსიტებთან საუბარში.
საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტი ეკლესიისთვის მისაღები გახდა.
"ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი მისაღები გახდა ეკლესიისთვისაც. კანონპროექტის ახალ ვერსიას საქართველოს საპატრიარქო ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა. ზეპირი საუბრებით და ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებით კი ასეთ სერიოზულ თემაზე ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის.
საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს.
ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პრემიერის, რომ იგი გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს, მაგრამ ისიც გვინდა დავძინოთ, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში იცავდა და იცავს არა მხოლოდ სასულიერო პირების, არამედ მართლმადიდებელი მრევლის და საქართველოს მოსახლეობის (რელიგიური მრწამსის განურჩევლად) იმ ნაწილის ინტერესებსა და უფლებას, რომლისთვისაც ზნეობრივი ნორმების დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.