სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული მოქალაქეთა შრომითი უფლებები. ნანუაშვილის იმედს გამოთქვამს, რომ შრომის კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაო, ქალთა შრომა, გაფიცვის უფლება და სხვა. ,,ჯი-ეიჩ-ენი" სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,, მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოთქვამს სურვილს ქვეყანაში მაქსიმალურად იქნეს დაცული მოქალაქეთა შრომითი უფლებები; უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, სამართლიანი ანაზღაურება, ბავშვებისა და ქალთა შრომითი უფლებები, პროფესიული გადამზადების უფლება და სხვა.
უზენაესი კანონი - კონსტიტუცია, საერთაშორისო ნორმები და მთელი რიგი ნორმატიული აქტები სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები. საქართველოში მოქმედი ლიბერალური შრომის კოდექსი წლების მანძილზე იძლეოდა შრომის უფლების შელახვის შესაძლებლობას, ანიჭებდა რა აბსოლუტურ უფლებებს დამსაქმებლებს და ზღუდავდა სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - მხარეთა თანასწორუფლებიანობას. სახალხო დამცველი მიესალმება 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც უდავოდ პოზიტიური და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებულია, თუმცა მოქმედ კანონმდებლობაში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უმოკლეს დროში საჭიროებს დახვეწას და ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას.
მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც განხორციელდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე - აღნიშნულ პრობლემაზე სახალხო დამცველმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. საკითხის სიმწვავეზე ბოლო წლებში სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების მკვეთრი ზრდა მიუთითებს.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შრომის კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, აუცილებლად გაგრძელდება მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაო, ქალთა შრომა, გაფიცვის უფლება და სხვა. ამისთვის აუცილებელია იმ საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვას შრომის სფეროში", _ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები