კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ანტიდისკირიმინაციული კანონპროექტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მიმართული არ არის არც ქვეყნის, არც ერისა და არც ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,, კანონპროექტის შესახებ მინდა ჩემი აზრი, ღიად და მკაფიოდ გამოვთქვა. აგრეთვე ვთქვა იმ ,,სოდომ-გომორის საშიშროების,, შესახებ, რომელიც მავანთ რკინის ფარდის იქეთ ჰგონიათ.. ამ კანონით არ ხდება და არც არასოდეს მოხდება, საქართველოს პარლამენტის მიერ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ამ კანონით არ ხდება და არც არასოდეს მოხდება, ერთსქესიანთა მიერ ბავშვის-შვილად აყვანის დაკანონება. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის ქვეყნის, ერის ან სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო- ის ძალიან, ძალიან ცდება და როგორც მურმან ლებანიძე წერდა: ,,ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე,,. ჩვენს რეალობაში კი ხდება კანონპროექტიდან ორიოდ სიტყვის კონტექსტიდან ამოგლეჯა, ულტრირება და ამით საზოგადოების გარკვეული ფენის გრძნობებზე მანიპულირება. ყველას უმორჩილესად გთხოვთ ნუ მოახდენთ ხალხის გრძნობებით მანიპულირებას. ამ კანონში ყველაფერი შავით თეთრზე წერია და ის სტრიქონებს შორის საკითხავი არ არის. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არასოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო კანონის ინიცირებას არ გაუკეთებს საქართველოს მთავრობა და არ დაამტკიცებს პარლამენტი", _ აცხადებს ჩრდილელი.