საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას აუცილებლად მიიჩნევს, რადგან ეს არის კონკრეტული განაცხადი, რომ სახელმწიფო ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგ გამოდის.
როგორც გუგული მაღრაძემ "ჯი-ეიჩ-ენ"- თან საუბარში აღნიშნა, ამ კანონპროექტის მუხლები ნაწილ-ნაწილ გაბნეული ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის და სხვა კანონებში ისედაც არის, მაგრამ ერთად თავმოყრილი დოკუმენტით, უფრო ნათელი გახდება, რა არის დისკრიმინაცია. "ჩემს მიმართ თუ განახორციელებს ვინმე დისკრიმინაციას, ამოვიღებ ამ კანონს, მოვძებნი კონკრეტულ მუხლს და დავიცავ თავს," -აღნიშნა მან.
რაც ეხება ეკლესიისა და სასულიერო პირების კატეგორიულ წინაღმდეგობას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მუხლებთან დაკავშირებით, პარლამენტარი აცხადებს, რომ სამღვდელოებას უნდა ქონდეს თავისი პოზიცია.
"იგივე სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ეკლესიამ უნდა თქვას, რომ ეს ცოდვაა, ვთქვთ ისევე, როგორც აბორტი, ან სხვა რამ. მაგრამ ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ და პირდაპირ ეკლესიით კანონებით არ ვიმართებით. საქართველო დღემდე ეკლესიამ მოიტანა და მის ღვაწლს დიდ პატივს ვცემ, მითუმეტეს, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი არის ძალიან პროგრესული, ღია პიროვნება, მაგრამ ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ და პირდაპირ ეკლესიით კანონებით არ ვიმართებით. ასე რომ იყოს, შარიათი ვიქნებოდით. სეკულარულ სახელმწიფოში გარკვეული აზრები ემთხვევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კანონი ერთი ერთზე უნდა იყოს",-განაცხადა პარლამენტარმა.
მისი თქმით, ევროკავშირის 2/3-ზე მეტს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი არა აქვს და არცერთი ევროპული სტრუქტურა არ გეუბნება, რომ ასეთი კანონი უნდა გვქონდეს.
"სექსუალური ორიენტაცია არის ნიშანი, რის გამოც ადამიანს პრობლემები არ უნდა შეექმნას. ამ კანონში ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ, რეალობის გაფორმებაა. სამაგიეროდ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომელიც სახელმწიფო დონეზე იცავს ყველა ადამიანს. ერთადერთი, ვისაც ანტიდისკრიმინაციულ ჩამონათვალში სექსუალური ორიენტაცია არ უწერია, არის თურქეთი" -თქვა მაღარძემ.
იგი მიიჩნევს, რომ ეკლესიის პოზიცია უნდა იყოს ისეთი, როგორც არის,ადამიანები კი, თავისი რწმენით და შინაგანი განწყობით მიხვდებიან, არის თუ არა იგივე აბორტი, სიძვა, ან სექსუალური ორიენტაცია ცოდვა.