ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, "საქსტატის" პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, მთავრობის, ისე მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალისტურობას. როგორც ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, წელს საქართველოს ეკონომიკის მინიმუმ 5%-იანი ზრდა იგეგმება.
"პირველი კვარტლის მონაცემები დამაიმედებელია და ადასტურებს, როგორც საქართველოს მთავრობის, ისე მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალისტურობას. რაც შეეხება წყაროებს, უფრო გასახარი ის არის, რომ არის ექსპორტის ზრდა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის გააქტიურება. წლის ბოლომდე ჩვენი გეგმა შეცვლილი არ არის და ისევ ვამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება მინიმუმ 5%@-იანი თუმცა პირველი კვარტალი უფრო ოპტიმისტური იმედების საშუალებასაც გვაძლევს. გასულ წელთან შედარებით ეკონომიკა დაახლებით 8% პროცენტითაა გაზრდილი. იანვარში იყო იყო 8, 2 პროცენტი, თებერვალში დაახლოებით 5,5 პროცენტი, 8 პროცენტზე მეტი იყო მარტშიც, 7,4 პროცენტიანი ზრდა არის კვარტალური თუმცა ეს წინასწარი მონაცემებია და იმედი მაქვს, დაზუსტდება ზრდის მიმართულებით", -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8,3 პროცენტი, ხოლო 2014 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა.
2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.