"მინდა დაგარწმუნოთ, რომ არასდროს მივიღებთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას,"-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ დასმული შეკითხვის კომენტირებისას.
მისი თქმით, კანონპროექტის გარშემო საზოგადოებაში შექმნილი ვნებათაღელვა ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. "მათ არა აქვთ ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ანტიდისკრიმინაციული კანონი. აქ საუბარია უმცირესობების უფლებების დაცვაზე, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებზე. კანონი არეგულირებს სხვათა უფლებებსაც, როგორებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ჩემთვის გაუგებარია შექმნილი აჟიოტაჟი. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ კანონს, რადგან გვინდა, რომ საქართველო გავხადოთ თანამედროვე, მოდერნიზებული და ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებთ, რომ ვართ ძლიერი ერი,"- აღნიშნა პრემიერმა.
მანვე მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, სრულყოფილად და ობიექტურად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას.