"საკითხი დგას შემდეგნაირად - მივდივართ ევროპისკენ და ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანი არ უნდა შევავიწროვოთ თუ არ ვიზიარებთ მის შეხედულებას, ან ვრჩებით რუსეთში. ასე რომ, რუსეთი თუ ევროპა?! ამ არჩევანს აკეთებს პარლამენტი და ქვეყანა და ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი არის შუალედურზე შუალედური ვარიანტი და მასზე მუშაობაში მჭიდროდ იყო ჩართული ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის საპატრიარქო.
"პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი არის შუალედურზე შუალედური ვარიანტი, რადგან მასზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მჭიდროდ იყო ჩართული ყველა დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლები. კანონპროექტის საწყის ეტაპზე არაერთი შეხვედრა იუსტიციის მინისტრმა და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა, შედგა რამდენიმე შეხვედრაც, რომლის დროსაც ყველა კითხვას გაეცა პასუხი. შესაძლოა ყველა თემაზე არ იყოს აბსოლუტური კონსენსუსი, მაგრამ პარლამენტი და პარლამენტარები არანაკლებ ზრუნავენ არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკურ წარმატებებზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების მორალურ სტანდარტებზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ როდესაც ამ საკითხზე გადაწყვეტილება იქნება მისაღები, მისი კოლეგები ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ.