ერგნეთში ჩატარებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოს სეპარატისტებს თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის საფოსტო ურთიერთობის, გზავნილების, წერილების მიმოსვლის აღდგენისათვის ახალი მექანიზმის შექმნა შესთავაზა. საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ეს შეთავაზება ჩვენი მხრიდან სრულიად ჰუმანიტარული აქტია, რომელიც პოლიტიკური დატვირთვებისგან სრულიად გათავისუფლებულია.
რატიანი ასევე აცხადებს, რომ როგორც ჩანს ოსური მხარე არ იყო მზად ამ შემოთავაზებისათვის, ამიტომაც მათ ამაზე პასუხი არ გაუციათ.
„ჩვენს მიერ იყო შეთავაზებული ჰუმანიტარული აქტი, რომელიც პოლიტიკური დატვირთვებიდან სრულიად იყო თავისუფალი, რომელიც ეხება, ასე ვთქვათ საფოსტო მიმოსვლას, გზავნილებს, წერილებს და რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობაზეა გათვლილი.
ისინი ეტყობა არ მოელოდნენ ასეთ შეთავაზებას , ამიტომაც ვირანაირი გარკვეული პასუხი მათგან ვერ მივიღეთ. უნდა ითქვას, რომ იმდენად მოულოდნელი იყო მათთვის ჩვენი ეს შემოთავაზება, რომ ალბათ გვიან, როდესაც გაიაზრებენ თუ რას ვთავაზობთ, ალბათ ამ საკითხს დაუბრუნდებიან და ჩვენ კი ჩვენის მხრიდან არანაირ დაბრკოლებას არ შევუქმნით და ვეცდებით ეს ჰუმანიტარული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ",_ აცხადებს რატიანი და აღნიშნავს, რომ ზოგადად, შეხვედრამ ჩვეულ რიტმში ჩაიარა და განსაკუთრებული არაფერი ამ ეტაპზე არ ყოფილა, თუმცა „დისკუსია საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მოზღვავებულ საკითხთა გამო.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ოსურ მხარეს არ დაუყენებია ტრადიციულად მათთვის ჩვეული საკითხი, საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი ეროვნების მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ.
„მათი მხრიდან საერთოდ არ დასმულა ეს საკითხი. ზოგადად, კი გაცვლა-გამოცვლის საკითხი ჩვენს მიერ იყო დასმული ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული.
ჩვენ ვთავაზობდით სხვა და სხვა ვარიანტებს, მათთვის ძალიან კარგს და ძალიან მისაღებს , მაგრამ მათი მხრიდან არანაირი დაინტერესება არ იყო. მე უბრალოდ მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ხალხს ვინც დაკავებულია, რადგან რაოდენობებზე ვლაპარაკობთ და თანაფარდობებზე იყო შემთხვევები, როდესაც ორჯერ მეტს და კიდევ მეტს ვთავაზობდით, მაგრამ არანაირად, მათი მხრიდან ინტერესი არ ყოფილა. თუმცა ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით სამუშაო არ წყდება",_ აცხადებს რატიანი და აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა შეხვედრაზე საუბარი რა თქმა უნდა შეეხო ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველებს და მათ გათავისუფლებას.
„მიმდინარეობს მუშაობა, სამწუხაროდ სხვა არაფერი არ ხდება ამასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ შეხვედრაზე დაისვა კითხვა რომან შიტიკოვთან დაკავშირებით, გვქონდა მოთხოვნები, რომ მოეწოდებინათ მათი მხრიდან კონკრეტული ინფორმაცია და სინათლე შეეტანათ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს მათი მხრიდან, მათ კატეგორიულად უარყვეს თუნდაც დაკავების ფაქტი ამ პიროვნების მიმართ და თუნდაც ის, რომ ის სადმე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფება",_ აცხადებს რატიანი და დასძენს, რომ ქართულმა მხარემ მკაცრად მოითხოვა ოსური მხრიდან ამ საკითხის გარკვევა და მათი მხრიდან ინფორმაციის მოძიება.
„ისინი დაგვპირდნენ, რომ შეისწავლიან კიდევ ამ საკითხს",_ აცხადებს რატიანი და აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ამაზე გაჩერებას არ აპირებს და „აბსოლუტურად გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რომ ამ საკითხს ბოლომდე მოვფინოთ ნათელი".
ამას გარდა, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი სააგენტოსთან საუბარში ასევე აცხადებს, რომ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაყენებულ იქნა კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.
„წამოვჭერით პირველ რიგში სოფელ ღოღეთის პრობლემები. მიუხედავად იმისა რომ მათი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენს მიერ არაერთხელ იყო წარდგენილი დამადასტურებელი საბუთები იმ ადგილობრივი მოსახლეობისა, რომლებიც ფლობენ იქ მიწის ნაკვეთებს ამ ნაკვეთების საკუთრების შესახებ, სამწუხაროდ მინდა ავღნიშნო, რომ ამ ეტაპზე მაინც ძალიან ფეხის თრევით და ზანტად უდგებიან ამ საკითხს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მომავალში ამ საკითხზე დისკუსიას გავაგრძელებთ",_ აცხადებს რატიანი და აღნიშნავს, რომ რიგ საკითხთა, მაგალითად სოფელ კოშკაშ წყლით უზრინველიყოფის საკითხზე ოსურმა მხარემ დამატებითი დრო მოითხოვა.
„ჩვენ რა თქმა უნდა დაველოდებით, თუმცა კონტროლის ქვეშ გვეყოლება",_ აცხადებს რატიანი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.