ესტონეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი Google Voice - ის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელი ქვეყნების სიაში შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტალინში კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2008 წლის ომის დროს საქართველოს უსაფრთხოება ციფრულ სფეროშიც დაირღვა.
"ჩემთვის დიდი პატივია, მივმართო აუდიტორიას, რომელიც ჩემი რწმენით, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და მინდა, საუბარი ნეგატიური მაგალითით დავიწყო. მე ჩამოვედი ქვეყნიდან, რომელმაც ხუთი წლის წინ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ძლიერი თავდასხმა განიცადა, განსაკუთრებით, ინტერნეტსფეროში. ჩვენი უსაფრთხოება და დაცულობა დაიკარგა რუსეთთან ომის დროს, რომელიც ფიზიკურ ომთან ერთად ციფრულ სფეროსაც შეეხო. 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩემი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია განხორციელდა, მილიონნახევარი ადამიანი კი, დევნილად იქცა. ახლა, როდესაც ჩვენ აფხაზეთს, ერთერთ ოკუპირებულ რეგიონს Google - ში ვეძებთ, ის სიაში შეყვანილია, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ძალიან პრობლემურია. ეს არღვევს, იმას, რასაც ჩვენ ეროვნულ იდენტობას ვეძახით," -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.