რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესები არჩევნებამდე თვეში ერთხელ გაიმართება. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძე განაცხადა.
მისივე თქმით, ამით მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას შუამდგომლობა სასამართლო პროცესების გამართვასთან დაკავშირებით.
წინა პროცესებზე, გიგი უგულავამ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო პროცესები არ გამართულიყო და სწორედ უგულავას აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა იგეგმება. დედაქალაქის უფლებაშეჩერებულ მერ გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს გამოძიება 2006 წელს რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია "იმედის" უკანონო გასხვისებას ედავება.