აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ თურქეთის გენერალურ კონსულ ენგინ არიქანთან ერთად შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელები მოინახულა და რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა.
„მოგესხენებათ, რომ 23 აპრილს თურქეთის რესპუბლიკაში აღინიშნება ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დაცვის დღე. აღნიშნუთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ ბათუმში მოგვენახულებინა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები და მათთვის საჩუქრები გადაგვეცა. სარეაბილიტაციო ცენტრი თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო „TIKA"-ს მხარდაჭერით გარემონტდა და აღიჭურვა, ვგეგმავთ ბავშვთა გაცვლითი ერთობლივი პროგრამის განხორციელბას, ამ შეთანხმებას შესაბამისი უწყებები ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ"-აღნიშნა ენგინ არიქანიმ.
„ამ ეტაპზე ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც პოლონეთის, ასევე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის დაწესებულებთან, რათა მოხდეს ჩვენი ბავშვების მიწვევა მათ ცენტრებში რეაბილიტაციისათვის, ასევე მათი ბავშვების ჩვენს ცენტრებში მოწვევა. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ბავშვები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ რათა არ გაუჭირდეთ ადაპტაცია უცხო გარემოსთან"-განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.
სარეაბილიტაციო ცენტრის შენობის სრული რეკონსტრუქცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა, დაწესებულების ოფიციალური გახსნა უახლოეს პერიოდში გაიმართება.
სარეაბილიტაციო ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს, აქ რეაბილიტაციის კურსს 45 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გადის, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა პროგრამაში ჩართულია 40 მოზარდი, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამაში 15 ბავშვი. ცენტრში, ასევე ფუნქციონირებს მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, სადაც 7 მარტოხელა დედა 9 შვილთან ერთად ცხოვრობს.
შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის სრული რეაბილიტაცია „თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ" განახორციელა. დაწესებულება მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის ყოფილი შენობის ბაზაზე ფუნქციონირებს. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამედიცინო ასოციაცია „თანა"-ს 2013 წლის დასაწყისში 10 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა.