ძლიერი ქარის გამო, აჭარის ზღვისპირა ზოლში პრობლემები შეიქმნა. კერძოდ, დაზარალდა ხელვაჩაური, ქობულეთი და ბათუმი, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები მოგლიჯა. თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე ოჯახი, წაქცეულია მრავალწლიანი ხეები.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ ღამეს ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელმა უეცრად მოვარდნილმა ქარმა პრობლემები გამოიწვია გონიოში, ბათუმში აეროპორტის დასახლებაში, ხელვაჩაურში, ურეხში, ახალშენსა და ქობულეთში.
25 სახლს გადახდილი აქვს სახურავი. ყველაზე დიდი ზიანი ბათუმში მდებარე სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობას მიადგა, რომელსაც ქარმა 3000 კვ.მ.- ზე ახლად გაკეთებული სახურავი გადახადა.
ამასთან, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილს სახურავის ნაწილი დაეცა. ასევე დაზიანდა ზღვისპირა ზოლში ორი საგუშაგო, რომელიც შეკეთებას ექვემდებარება.