"თუ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის პასპორტებს აიღებენ, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავენ",- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანმა, რუსეთის მოქალაქოების გამარტივებული წესით მიღების საკითხის კომენტირებისას.
როგოც ზალკალიანმა განაცხადა, აღნიშნულის შესახებ რუსეთის მიერ მიღებულ კანონს ქართველი იურისტები "გულდასმით სწავლობენ".
"ეს კანონი ჩვენთვის ცნობილია, საჭიროა, სამართლებრივი კონტრზომების მიღება. მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, მყისიერად დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯავახეთში რუსული პასპორტების გავრცელება აქტიურად მიმდინარეობს, გაზვიადებულია და ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესს ყურადღებით აკვირდება.