საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საკითხები სწორად არის დასმული და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მხარდაჭერა ღიად არის გამოხატული.
ხიდაშელის თქმით, ევროპის პარლამენტმა სრულიად მოსალოდნელი რეზოლუცია მიიღო. იქ ხაზგასმით საუბარია საქართველოს და მოლდოვას შესახებ, ოკუპაციის დაუშვებლობაზე ამ ორ სახელმწიფოსთან მიმართებაში.
"ასევე ევროპარლამენტმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მოქმედებებზე აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან ღია მხარდაჭერა. ევროპარლამენტი საუბრობდა იმაზე, რომ ამ კომისიამ თავისი ვადის ამოწურვამდე საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან პროცესი უნდა დაასრულოს,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსა და მოლდოვასთვის უნდა გამოიყოს შეთანხმებების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის საჭირო დამატებითი ფინანსური დახმარება.