ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ირაკლი კაკაბაძეს თავდასხმაში ადანაშაულებს და მის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.
" სასამართლო დარბაზში ირაკლი კაკაბაძე თავის ბაინძუგებთან ერთად თავს დამესხა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იფურთხებოდა აქლემივით, ძლივს დააკავა მანდატურის სამსახურმა. მანდატურმა, ჟურნალისტებმა ყველაფერი დააფიქსირეს და მე მგონი, ამ თავხედობას საზღვარი აქვს. ჩემს მიმართ ჩადენილია კონკრეტული დანაშაული და მოვითხოვ კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი იქნეს კაკაბაძე თავდასხმისთვის - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო, რის შემდეგ სასამართლო დარბაზში დათა ახალაიას ინტერესების დამცველი ირაკლი ზაქარეიშვილი და ირაკლი კაკაბაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ირაკლი კაკაბაძემ ადვოკატ ზაქარეიშვილს შეაფურთხა. მხარეებს შორის დაპირისპირება მანდატურებმა განმუხტეს.