პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერის, პაატა დავითაიას ინფორმაციით, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ახალი პროვოკაციული მოძრაობა დაიწყო.
როგორც პაატა დავითაიამ "ჯი-ეიჩ-ენ"-ს უთხრა, გარკვეული ადამიანების ჯგუფი, მათ შორის დევნილებიც, აქტიურად დადიან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასახლებებში და ავრცელებენ ჭორს, ჩვენ თუ მივუერთდებით რუსეთს, აფხაზეთი დაგვიბრნდებაო.
"პერმანენტულად ხდება ამგვარი აზრის მასებში გავრცელება. რუსეთის სპეცსამსახურები ანგარიშს უწევენ იმას, რომ აფხაზეთის დევნილებს გამოცდილება აქვთ საბრძოლო მოქმედებების და ომი რომ დაიწყოს, მათ წინააღმდეგ იომებენ. ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცესია", -აღნიშნა მან.
დავითაიას თქმით, სპეცსამსახურების პრევენცია ის არის, რომ ძალა, ვინც შეიძლება იარაღი აიღოს ხელში, თავისი იდეოლოგიით გაანეიტრალოს და ეს მუშაობა დაწყებულია.
"ხელისუფლებას თუ გონია, ეს ლოიალობა მას ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობაში, მაშინ გაიხსენოს, რომ იანუკოვიჩს რუსეთის წარმომადგენლები ყავდა უშიშროებაში, სამთავრობო დაცვაში, პარლამენტში, ბაზები დაუკანონა და რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. მითხარით, რა შედეგი მიიღო, მას დღეს მოსკოვშიც კი, არ ღებულობენ", -თქვა პაატა დავითაიამ.
მისი თქმით, საქართველოში რუსული ძალის გარკვეული ფორმით შემოსვლისთვის მიმდინარეობს ფონის შემზადება, ხელისუფლების უსუსრება კი მდგომარეობს იმაში, რომ ამ პროცესს ხელს უწყობს.
ახლა საუბარია, რომ სამცხე-ჯავახეთში მოხდეს რაღაც აჯანყების მსგავსი, ეს ტერიტორიაც წაიღოს რუსეთმა, მიუერთოს ცხინვალს და სამხედრო გზა გავიდეს სომხეთზე.