საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სოფელ აძვში TV3-ის ჟურნალისტ ბელა ზაქაიძის, ოპერატორ ბახო ლეკიაშვილისა და ტექნიკური თანამშრომლის მიხეილ მიხოევის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.
"სამწუხაროა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო პირთა დაკავების ფაქტები რუსი სამხედროებისა თუ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებებისა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის მანკიერი პრაქტიკა, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ რუსი სამხედროების მხრიდან, ინტენსიურად გრძელდება. ჟურნალისტთა თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება", - აცხადებს სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართონ ყველა შესაძლო ზომებს დაკავებული ჟურნალისტების უსაფრთხოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებისათვის.