მესტიის მიმართულებით სუბსიდირებული ფრენები ისევ განხორციელდება. თუმცა მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით ტენდერი გამოცხადდება და შესაბამისი ავიაკომპანია სწორედ, რომ ტენდერის გზით გამოვლინდება. როგორც მთავრობის №523 განკარგულებაშია აღნიშნული, დაბა მესტიის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის, რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობის და ფრენების რეგულარულად განხორციელების უზრუნველსაყოფად, ეთხოვოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას", შესაბამისი რეგულარული ავიარეისების შესრულების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ტენდერის საშუალებით, შესაბამისი საავიაციო საწარმოსგან შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით:
ა) გაფრენის ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ან/და ქვეყნის მაშტაბით არსებული სხვა ნებისმიერი მოქმედი აეროპორტიდან/აეროდრომიდან;
ბ) საფრენი აპარატის ტიპი: უნდა შეესაბამებოდეს მესტიის აეროპორტში არსებულ ინფრასტრუქტურას და მთიან რეგიონში ფრენის მოთხოვნებს;
გ) გარანტირებული ფრენა-საათის ოდენობა: ყოველწლიურად არაუმეტეს 500 ფრენა-საათისა;
დ) ფრენა საათის ღირებულება: არაუმეტეს 3,985 აშშ დოლარი, ეკვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ის ჩათვლით;
ე) ხელშეკრულების ვადა: არაუმეტეს 3 წელი;
როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასის ნაწილი დაფარულ იქნეს ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლით, ხოლო დანარჩენი თანხის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი რესურსის მოძიება.
მასალის გამოყენების პირობები