პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, სპორტს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. როგორც ღარიბაშვილმა ,,ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე
კონფერენციაზე - "სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივა" განაცხადა საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს და მეტი ყურადღება დაუთმოს სპორტს.
,,კარგად ვიცით, რომ სპორტს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სპორტის სათანადოდ განვითარებისათვის არ კმარა მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა და სპორტსმენების ძალისხმევა. საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს და მეტი ყურადღება დაუთმოს სპორტს. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში პირველად ტარდება სპორტის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით. იმედი მაქვს, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს გრძელვადიანი და სისტემური ხედვა სპორტის განვითარებისთვის.
,,მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯები სპორტის განვითარების კუთხით. მთავრობა მხოლოდ მოკლევადიანი, კონკრეტული გეგმებით კი არ შემოიფარგლება, არამედ ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი და სისტემური ხედვა ამ მიმართულებით. სულ ახლახანს დავამტკიცეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკას ეხება და განსაზღვრავს სპორტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად.
მინდა გითხრათ, რომ მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ სპორტს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფო დაფინანსება ქართული სპორტის განვითარების საქმეში იყოს სოლიდური. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა მთავრობამ. ჩვენს მიერ შემუშავებული პოლიტიკით ხელი შეეწყობა რეგინალურ საფეხბურთო გუნდებს, ახალგაზრდულ ფეხბურთს და ველით, რომ ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე. ამასთან ერთად, ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს ინვესტიციების შემოსვლას და დაფინანსების გზების მოძიებას, რომელიც მოხმარდება ქართული სპორტის განვითარებას", _განაცხადა პრემიერმა.