სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს.
"მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის სექტემბერში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელების შემდეგ, მთელი საზოგადოების ყურადღება პატიმართა უფლებების დაცვაზე იყო კონცენტრირებული, პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოვლენილი პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს",- აღნიშნულია სახალხო დამცველის ყოველწლური ანგარიშის დოკუმენტში, რომლის საკომიტეტო განხილვაც პარლამენტში უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა.
"კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებულ პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის", -წერია ომბუდმენის ანგარიშში.