"ჩვენ მივიღეთ გერმანელი კოლეგებისგან სრული მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კუთხით და გარანტია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი ივნისში მოეწერება"-აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
მინისტრის განცხადებით, ის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი ეწვევა, ხოლო ივნისში იგეგმება საქართველოს პრემიერის სტუმრობა გერმანიაში არის ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში აქტიური და მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის შედეგი.
ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა მინისტრმა გამართა გერმანიის ფედერაციულ პარლამენტში-ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან კარინ შტრენცთან. შეხვედრაზე გერმანია-საქართველოს ურთიერთობები, ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების საკითხები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული თემები განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კარენ შტრენცმა აღნიშნა მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი შეეცდება მკაფი გზავნილები დააფიქსიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
"ჩემთვის დიდი პატივია ვხელმძღვანელობდე მეგობრობის ჯგუფს, განსაკუთრებით კი ამ საინტერესო პირობებში. აღნიშნული ჯგუფი მკაფიო გზავნილებით, დიპლომატიის მეშვეობითა და კეთილი ნებით მზად იქნება ანახოს საზოგადოებას, რომ ევროპა არის ურთიერთთანხმობასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული ერთობა, რომელიც ყველას, ვინც იზიარებს ამ ფასეულობებს და იდენტობას, იწვევს თავისთან. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ სიგნალების მიცემას, "-განაცხადა კარენ შტრენცმა.
მაია ფანჯიკიძე გერმანიას 10-11 აპრილს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა. მან ასევე შეხვედრა გამართა ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში და სიტყვით გამოვიდა "Hertie school governance"-ში. მაია ფანჯიკიძემ ინტერვიუები მისცა წამყვან გერმანულ მედიასაშუალებებს.