დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, ქალაქ მცხეთაში, დამისამართების პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ამ ეტაპზე ქალაქ მცხეთაში მთლიანად დასრულებულია ქუჩებისა და მათი დასახელებების, გზების პარამეტრებისა და საგზაო ნიშნების აღწერა-ინვენტარიზაცია. სრულად არის აღწერილი 1000-მდე, ხოლო აღსაწერია 4000-მდე სამისამართო ერთეული.
მცხეთის რაიონში მისამართების აღწერა-ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს საჯარო რეესტრის მობილური ჯგუფები ასრულებენ. საჯარო რეესტრი, ინვენტარიზაციის შემდეგ, ქუჩების, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ბინების დანომვრას განახორციელებს.
„დამისამართების პროექტი ქვეყნის მასშტაბით სამისამართო სისტემის სრულყოფას და განვითარებას შეუწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება" - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ.
სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის იოსებ ბაღათურიას განცხადებით: მას შემდეგ რაც საჯარო რეესტრი ესროვნული სააგენტო დაასრულებს ინვენტარიზაციის პროცესს, სერვისების განვითარების სააგენტო ახალ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.
არარსებული, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები გაუგებრობის და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაცის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას და სხვ.
დამისამართების ერთიანი სისტემის ფარგლებში, შენობა-ნაგებობებს და სხვა ფართებს მიენიჭება ნუმერაცია, მომზადდება ქუჩის სახელდებისათვის და ნუმერაციისათვის საჭირო სამისამართო პროექტები, რომლებიც განსახილველად გადაეგზავნება მცხეთის რაიონის მუნიციპალიტეტს. შეიქმნება ერთიანი გზათა ქსელი, რაც ერთ-ერთი საფუძველი გახდება ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ამოქმედებისათვის. მოგვარდება მისამართებთან დაკავშირებული ყველა ის პრობლემა, რომელიც მცხეთის მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტში არასწორი, არასრული და ნუმერაციის არმქონე მისამართების კორექტირება 2014 წლის სექტემბრამდე დასრულდება.