პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგოლი კარასინის შეხვედრას ეხმიანება და შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისივე თქმით, მხარეებს შორის დიალოგი აუცილებელია და ის უნდა შედგეს.
,,თანამედროვე მსოფლიოში ზუსტად იმ ვითარებაში, რომელშიც მსოფლიო იმყოფება, ყველა ცდილობს იმას, რომ დიალოგის საშუალება გაიზარდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება და ტელეფონზე დღეში 3-ჯერ ესაუბრება, იმიტომ კი არა, რომ ყველაფერზე თანხმდებიან, არამედ იმიტომ, რომ ლაპარაკი აუცილებელია. უკრაინა, რომელიც ნახეთ, რა დღეშია რუსეთის მხრიდან, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყოველდღე მზადაა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდეს. იმ ქვეყნის მინისტრს, რომელმაც ტერიტორიები წაართვა დღისით მზისით და შესაძლოა, კიდევ ათას სხვა უბედურებას უმზადებს. საქართველომ ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას?_ ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ ის ხალხი, რომელიც ვინმეს არ ელაპარაკება? ამასობაში ეს ლაპარაკი თვითმიზანი არ არის, ზუსტად ამიტომაც ეს შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ე.ი. არსებობდა გააზრება საქართველოს ხელისუფლებაში როდის, როგორ, რა თემაზე და რა ვითარებაში შეიძლებოდა, ან არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო. ახლა როგორ ჩანს, ეს შეხვედრა საჭიროდ და შესაძლებლად ჩაითვალა, მათ შორის, ხურჩის თემის გასარკვევად, ასევე სხვა თემების გასარკვევად. ასე რომ, დიალოგის ხაზის არსებობა უკიდურესად აუცილებელია. მსოფლიოში არ დარჩა თავმოყვარე სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ამ თემებზე არ ელაპარაკება და ჩვენ სხვანაირები უნდა ვიყოთ?! მგონი არა. დიალოგი უნდა შედგეს, თემა არის რას მივიტანთ ამ დიალოგში და რას წამოვიღებთ და არა თავად დიალოგის ფაქტი", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ, ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე აბაშიემ განაცხადა.