,,ნაცმოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის პოზიცია არის დათანხმება, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები უნდა შეეგუონ რეალობას და დარჩნენ რუსულ გავლენის ორბიტაზე.
,, პუტინის ინტერესი ყოველთვის იყო, რომ საქართველოში ყოფილიყო ხელისუფლება რომელიც ამბიციას არ ამჟღავნებს და ყოველდღიურად არ მუშაობს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოს რუსულ ორბიტას. ამის მაგალითი რეგიონში გვაქვს და ეს იყო იანუკოვიჩის ხელისუფლება, რომელმაც თავიდანვე უარი განცხადა ნატოში გაწევრიანებაზე. პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ რეალობას, პრაქტიკულად, არის დათანხმება იმ მოწოდებაზე, რაც მუდმივად ისმის კრემლიდან, რომ - პოსტსაბჭოთა ქვეყნები უნდა შეეგუონ რეალობას და დარჩნენ რუსული გავლენის ორბიტაზე"_განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადების საპასუხოდ განმარტა, რომ მისი განცხადება ადეკვატურია და აბსოლუტურად ასახავს რეალობას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.
"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს.
,,ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა", განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.