პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებაში განსაკუთრებული და საპანიკო არაფერია. როგორც საკითხის კომენტირებისას ბერძენიშვილმა განაცხადა წლევანდელ სამიტზე არავინ ელოდა რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა, თუმცა ქართული მხარე მიღწეული პროგრესის დაფასების მოლოდინშია.
,, ბარაკ ობამას განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ წლევანდელ სამიტზე ნატოში არ მიგვიღებენ და ამაზე, მე მგონი, არც არავინ ფიქრობდა. ამიტომ ობამას განცხადებაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, ეს არის განცხადება რომელიც ამბობს სად ვიმყოფებით. ველოდებით, რომ ნატოსთან მიმართებით ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დაგეგმილ სამიტზე დაფიქსირებული აუცილებლად იქნება, მაგრამ ნატოს წევრობას წელს თუ ვინმე ელოდებოდა, არასერიოზულია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვარ და კარგად ვიცი რამდენი გვაკლია იმისთვის რომ მიუახლოვდეთ ნატოს. ამიტომ ბარაკ ობამას განცხადება ჩვეულებრივია და საპანიკო არაფერია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიცია პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენებს.
,, ბარაკ ობამას განცხადებას ოპოზიცია გამოიყენებს იმისთვის, რომ თითქოს, საქართველო ნატოში შედიოდა და ჩვენ არ შეუშვით", _განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.
"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს.
,,ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა", განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.