ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად გამოძახება, ჩემი აზრით, პრინციპულად არასწორი ქმედებაა, - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, დავით ზურაბიშვილი. მისი თქმით, მაშინ როდესაც რუსეთმა გადაყლაპა ყირიმი და ახლა ინელებს, დასავლეთი შეშფოთებულია, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს აკეთებს, რადგან არ ელოდნენ რუსეთისგან ამას, არის საფრთხე, რომ ჩვენც შეიძლება რაღაც დაგვემუქროს, რადგან იგივე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე რუსეთი მტკივნეულად რეაგირებს.
"არის საუბარი, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა დაჩქარდეს და ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად გამოძახება, ჩემი აზრით, პრინციპულად არასწორი ქმედებაა. მით უმეტეს, ეს კაცი საქართველოში არ არის და მისი დამჭერიც არ ხარ. მიხეილ სააკაშვილი იტყვის, არ მოვდივარო და მორჩა. ჩვენი კანონმდებლობით, დაკითხვის ჩატარება შეიძლება ისე, რომ სადაც არის, იქ გაუგზავნო გამომძიებელი, ან წერილობითი მოთხოვნა. ის აქ ჩამომსვლელი მაინც არ არის და ამას რა დიდი გათვლა უნდოდა?.. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ფეხებზე დავიკიდოთ პოლიტიკური კონიუნქტურა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად აქ ხომ უნდა იყოს, რომ ხელი მოკიდო. არ არის ეს კაცი საქართველოში, ან რომელი ჯეიმს ბონდები ჩვენ ვართ. ამიტომ რაც არ შეგიძლია, არ უნდა გაიქაჩო და როცა შეძლებ, მოამზადო ნიადაგი, მაშინ გადახვიდე საქმეზე. მე არჩევნებს ამ საკითხს ნაკლებად ვუკავშირებ. ჯერ სააკაშვილის მომხრეებს შეეშინდათ, ვაიმე, დასავლეთმა ხომ არ `დაგვახურდავაო~, აქეთ ვიღაცებმა გაიხარეს, არიქა, სამართალი აღსრულდებაო და მერე ასეთი კომიკური სიტუაცია შეიქმნა", - აცხადებს "პრემიერთან" ინტერვიუში ზურაბიშვილი.