,,ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ წლევანდელ სამიტზე საქართველოს ნატო-ში მიიღებდნენ", _განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აშშ-ის პრეზიდენეტის ბარაკ ობამას განცხადების საპასუხოდ.
მისივე თქმით, ბარაკ ობამას არ უთქვამს, რომ საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე არ დგას.
,,საქართველო მტკიცეს მიდის ნატო-სკენ გზაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და დემოკრატიის გაძლიერებისკენ დგამს ნაბიჯებს და ეს არის მთავარი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ წლევანდელ სამიტზე საქართველოს ნატო-ში მიიღებდნენ, ყოველთვის ვამბობდით და ასეც იქნება რომ სამიტზე აისახება ის პროგრესი, რაც საქართველოში მოხდა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში. ასე რომ, ამ გზაზე ვდგავართ, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს. ამ გზაზე მივდივართ რწმენით, რომ საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდება", - განაცხადა ფანიკიძემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.
"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს.
,,ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა", განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.